logo
ENG



უკრაინის თავდაცვა რუსეთის მხრიდან ყირიმის ხიდის აფეთქებაზე ბრალდებას "სისულელეს" უწოდებს

12 ოქტ 202214:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/12/u6qi8fwy9piyqvc.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის პრეს სპიკერი ყირიმის ხიდზე აფეთქების შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ტერორისტულ თავდასხმის" სქემაზე პასუხისმგებელი უკრაინის სადაზვერვო დირექტორატია, სისულელეს უწოდებს.

დღეს, 12 ოქტომბერს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხიდზე აფეთქება უკრაინის სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის ორგანიზებული იყო და მის განხორციელებაში მონაწილეობა 12-მა ადამიანმა მიიღო, რომელთაგან 8 დააკავეს. 

„FSB-ის და საგამოძიებო კომიტეტის ყველა ქმედება სისულელეა. ეს ის ყალბი სტრუქტურებია, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურება, ამიტომ ჩვენ მათ ჩვეულ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებთ. გასაოცარია, რომ ყირიმის ხიდზე ამ დრომდე არ უპოვიათ ბიზნეს ბარათი“ - აცხადებს ანდრეი იუსოვი.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე "ტერორისტული აფეთქების" სქემა და მასში მონაწილეები ამოიცნო. FSB-ის თქმით, ხიდის აფეთქებაში საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

რუსეთის ცნობით, უკვე ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს 8 ადამიანი, მათგან 5 რუსეთის მოქალაქეა, 3 უკრაინის.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

უწყების თქმით, ფეთქებადი მოწყობილობა დამალული იყო სამშენებლო პოლიეთილენის რულონებში, რომლებიც 22 ფირფიტაზე იყო განაწილებული და ჯამში 22 700 კილოგრამს იწონიდა.

FSB აღწერს იმ გზას, რომელიც, მათი თქმით, ტვირთმა გაიარა, ვიდრე ყირიმის ხიდზე აფეთქდებოდა.

რუსეთის თქმით, ტვირთის გადაადგილების სრულ მარშრუტს უკრაინის თავდაცვის უწყება აკონტრლებდა.

 

8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ხიდს მალე აღადგენენ.

ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც. "ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ უკრაინა დაადანაშაულა. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ გზა "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანეს. უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ. 

ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ღონისძიებების ორგანიზებისა და კოორდინაციის უფლებამოსილება FSB-ს მიენიჭა. ოკუპანტებმა ასევე გააძლიერეს რუსეთის ენერგო-ხიდის ელექტროენერგიის ქსელის დაცვა.

გარდა ამისა, კრემლმა ანექსირებულ ყირიმში ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე შემოიღო, რომელიც 23 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

ხიდის მშენებლობა, რომელიც ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყეს. 2018 წელს ხიდზე საავტომობილო გზა გაიხსნა, ხოლო 2019 წელს მატარებელმა დაიწყო გადაადგილება.


close დახურვა